საზოგადოებასამხედრო
სასწრაფოდ

ყაბარდოელი მებრძოლი ქართველთა გმირობაზე და 1992-1993 წლების ომზე ყვება


ყაბარდოელი მეტყვიამფრქვევე “მაშკა”, რაც ყაბარდოულიდან თარგმანში “ბიჭს” ნიშნავს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დეტალებს იხსენებს.

„27 სექტემბერს, დილით, ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა სანატორიუმი და ახლომახლო ტერიტორია დაიკავა… ქართველი მოსახლეობის ჟლეტა დაიწყო. მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ, დაჭრილებს პირში მიწას ტენიდნენ – ხომ გინდოდათ აფხაზეთის მიწა, ჰოდა, ჭამეთო…მერე ჭებში უძახებდნენ.

ერთი მხცოვანი მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ სკოლაში თავის დროზე მათ ქართულს ასწავლიდა…

ქალაქში უკვე ყოველი მხრიდან შემოდიოდნენ აფხაზური დაჯგუფებები… მინისტრთა საბჭოს თავზე ჯერ კიდევ ფრიალებდა საქართველოს დროშა…

ჩვენ მინისტრთა საბჭოს შენობა – მას სოხუმის რაიხსტაგსაც ეძახდნენ ჩეჩნები – ყოველი მხრიდან ალყაში მოვაქციეთ, მაგრამ მიახლოებას ვერ ვახერხებდით, შენობის წინ ღია ადგილია და მხოლოდ მებრძოლებს თუ ჩაგვიხოცავდნენ ქართველები…

რადიოკავშირით (ადრე ჯარში მეკავშირე ვიყავი) ქართველების ტალღაზე დავჯექი. ულტიმატუმი წავუყენეთ – ჩაგვბარდითო.

დავიხოცებით, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო – გვიპასუხეს (რა უცნაური ხალხია ეს ქართველები, მთელი ომის მანძილზე მაკვირვებდნენ). ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვთხოვეთ ჩაბარება. ამჯერადაც უარი მივიღეთ. შენობის მაღალ სართულებზე განაწილებული მათი სნაიპერები დროს უქმად არ კარგავდნენ. ერთი ყაბარდოელი მოგვიკლეს, მერე ერთი მედდა და რუსი კორესპონდენტი…

ამ სიტუაციამ ბიჭები სულ გააგიჟა. ქართველები სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, მაგრამ მაინც ქედმაღლურად უარს ამბობდნენ დანებებაზე…

ბოლო 5 წუთი მივეცით მოსაფიქრებლად, ხმა არც კი გაგვცეს. ჩვენებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს შენობას. 6 სართული ერთბაშად აალდა. ვიღაცა ყვიროდა, – ახლა ნახეთ, როგორ ვირთხებივით გამოძვრებიან ქართველებიო, მაგრამ არავინ ჩანდა, ეტყობა, უკანასკნელ ტყვიასაც დახარჯავდნენ შენობის დასაცავად…

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიდნენ, 13-14 კაცი იქნებოდა, ყველას სამხედრო ფორმა ეცვა, მხოლოდ ერთს ეცვა რაღაც ნაცრისფერი ქურთუკი…

მუსამ დაიძახა, – ნახე, როგორ დგანან. თითქოს ომი, მათ კი არა, ჩვენ წაგვეგოსო და მიცვივდნენ საცემრად….

შენობის მარჯვენა ფლიგელზე გამარჯვების დროშა სოხუმის ბატალიონის მეომრებმა ააფრიალეს.

მინისტრთა საბჭოს შენობის წინ კიდევ რამდენიმე საათი ვიყავით. ცეცხლი რომ მინელდა, ორი ჩვენი მოხალისე სახურავზე აძვრა, ქართული დროშა ჩამოხსნეს და აფხაზური აღმართეს. შენობიდან რომ გამოდიოდნენ, მოულოდნელად მესამე სართულიდან ვიღაცამ ესროლა და ორივე ჩვენ თვალწინ დახოცა.

ამას ნამდვილად არ ველოდით. ჩეჩნები შეცვივდნენ შენობაში და გამოათრიეს მკვლელი. ქართველი იყო. ფეხები დამწვარი ჰქონდა. იმას უსვრია… ჯერ მაგრად სცემეს, მერე მუსამ ხეს მიაყუდა და “მუხა””ესროლა.

ჩაგვიმწარდა იმ დღეს გამარჯვების აღნიშვნა”.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close