სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი ქუთაისში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც ნაკრების მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებენ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება.

„გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდიციაში შევხვდეთ“, – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბს წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ჰყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბს იმსახურებს“, – განაცხადა შარიქაძემ.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. „ბორჯღალოსნებმა“ სამივე თამაში მოიგეს – კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა. გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close