პოლიტიკასამართალი
სასწრაფოდ

ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მოსაზრება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ვარაუდობს, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, წარმოადგენს დოკუმენტის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ამის შესახებ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსისა და იუსტიციის საბჭოს წევრებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში ხვდება.

შეხვედრა, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს ეხება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლევან მურისიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებით დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ის მიიღებს დემოკრატიულ სახეს და შესაბამისად, დაიცავს საზოგადოების და სასამართლოს ინტერესებს.

ამასთან, მის თქმით, არასამთავრობო სექტორის მოსაზრება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს უფლება დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატები, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

“ზოგადად, არსებობს ორი კრიტერიუმი და ახალი არავის მოუგონია – კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება. მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ერთადერთი შემოთავაზება იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ დაასახელოს კანდიდატები. ეს იყო მათი მოსაზრების მოკლე შინაარსი, მაგრამ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს და საბოლოო ჯამში, ის უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, რა კანონსაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი, იმ კანონით იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, უმჯობესია, რომ ყველა დაელოდოს ვენეციის კომისის დასკვნას.

“მერწმუნეთ, რომ მოსამართლეთა კორპუსს და ზოგადად, სასამართლოს არაფრის ეშინია. შესაბამისად, რა კანონი და რა რეკომენდაციებიც იქნება მიღებული ვენეციის კომისიისგან, მზად ვართ, შევასრულოთ ის კანონი და რეკომენდაციები, რასაც მიიღებს პარლემენტი”, – განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება პროცესისადმი მესამე სექტორის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საჭიროა ერთმანეთის მოსმენა და პოზიციების დაახლოება.

“ყოველთვის, როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივანი ვიყავი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენი პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს ერთმანეთის პატივისცემითა და აღიარებით. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს 20-30-მა მოსამართლემ, ეს არის “კლანი” და ა.შ – ვითარება ასე ვერ დალაგდება. პირადად, ჩემი მხრიდან არასამთავრობოების მიმართ შეურაცხყოფა არასოდეს არავის გაუგონია. შეიძლება, მეც მაქვს ჩემი პოზიციები, მაგრამ მთავარია, ერთმანეთი ვაღიაროთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განვეწყოთ. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ იმით, რომ ის „კლანია“ და უნდა დატოვოს მოსამართლეთა კორპუსი, ასე საქმე ვერ გაკეთდება. კონფერენცია ჩავატარეთ და ერთი არასამთავრობოც არ მოსულა. სად არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საია“?! მოვიდნენ და ისაუბრონ, მოუსმინონ სასამართლო კორპუსს. 279 მოსამართლემ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რა მივიღეთ?! არასამთავრობო კორპუსი ამბობს, რომ ეს არის კომუნისტური პარტია. ასე არ დალაგდება. სასამართლო არის ხელისუფლება და უნდა ვცეთ პატივი. სასამართლომაც, როგორც ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს – რა თქმა უნდა, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და კანონი უნდა აღასრულოს, მაგრამ თუ გვინდა, რომ ურთიერთობები დავალაგოთ, პირველ რიგში, ნაბიჯები ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ, ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და არა ლანძღვა-გინების რეჟიმში”, – განაცხადა მურუსიძემ.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close