პოლიტიკა

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა


მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ ,,ვოტლდნიუსს“ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განუცხადა.

„თემურ აბაზოვმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა გუშინ დაარეგისტრირა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილება განაცხადის მიღებიდან მეორე დღესვე უწყდება. შესაბამისად, გუშინ შემოვიდა განცხადება და დღეს უკვე დაკმაყოფილებულია. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე საკრებულოს სხდომა და გადაწყვეტილება, რომ 13 თებერვალს თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება შეუწყდა, გაფორმდება ცნობად. ხვალვე გადავცემთ საოქმო ჩანაწერს 22 საოლქო საარჩევნო კომისიას და თვითონ გაატარებენ კანონით არსებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდებოდა, ვადამდელი არჩევნები მაისის თვეში იმართება.

შეგახსენებთ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა. როგორც აბაზოვმა “ვორლდნიუსთან” საუბარში განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი პატიმრობიდან 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close