შემთხვევა

წყნეთში, ავარიის დროს დაშავებული ექვსი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია

წყნეთში ავარიის დროს დაშავებული ექვსი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავებული პაციენტები რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ შესაძლოა კლინიკიდან დღესვე გაწერონ.

„ექვსი პაციენტია შემოყვანილი, მათ შორის ბავშვი არ არის. ხუთი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ამჟამად მათი გამოკვლევა მიმდინარეობს. მსუბუქი პაციენტები რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. სავარაუდოდ, მათი ნაწილი დღესვე გაეწერება. არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ფირცხალაიშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ექიმების ინფორმაციით, კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვევა დასჭირდება თუ არა მას ოპერაციული ჩარევა.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close