პოლიტიკასაზოგადოებასამხედრო
სასწრაფოდ

როგორ წაგვართვეს და დაგვიბრუნეს ბათუმი

დღეს ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. 

ბოლო წლების განმავლობაში განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, უამრავი კაფე-რესტორანი და გასართობი ადგილი.

ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში.

თუმცა, შეიძლებოდა, ბათუმი დღეს ჩვენი არ ყოფილიყო. სტატიაში გაგახსენებთ, ზოგსაც გაგაცნობთ, ბათუმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს I მსოფლიო ომის პერიოდში.

მოდით, გავიხსენოთ I მსოფლიო ომი, რომელიც 1914-დან 1918 წლამდე გაგრძელდა. ომის საბაბი გახდა ტერორისტული აქტი. ალიანსის წევრები – რუსეთის იმპერია, ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, აშშ და იტალია იბრძოდნენ გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ.

I მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის მიზნები შავი ზღვის რეგიონს და, კონკრეტულად, ბათუმსაც ეხებოდა:

  • პირველ რიგში, ოსმალეთის იმპერიას სურდა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.
  • თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
  • თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში და შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.

საბოლოოდ, I მსოფლიო ომში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გაიმარჯვეს, შედეგად კი დაიშალა გერმანიის, რუსეთის და ოსმალეთის იმპერიები, ასევე ავსტრო-უნგრეთიც და ევროპაში შეიქმნა ახალი სახელმწიფოები.

ომის დასრულებამდე 1 წლით ადრე, 1917 წლის ოქტომბერში რუსეთის იმპერიაში რევოლუცია მოხდა, სახელმწიფოს სათავეში ლენინის მეთაურობით ბოლშევიკები მოვიდნენ. ახალმა მთავრობამ 1918 წლის 3 მარტს გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატული ზავი დადო და ომიდან გავიდა. ამ ზავის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რუსეთის ჯარებს ამიერკავკასიაში უნდა დაეტოვებინათ არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, რაც, ფაქტობრივად, მათი თურქეთისთვის გადაცემას ნიშანავდა.


ამ ზავით თურქეთს რუსეთ-ოსმალეთის 1877 წლის სახელმწიფო საზღვრის აღდგენა სურდა.


1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში სამხარეო ხელისუფლების ახალი ორგანო – ამიერკავკასიის კომისარიატი დაარსდა.

1918 წლის მარტში რუსეთსა და გერმანიას შორის დადებული ბრესტის ზავის შემდეგ, ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკება. მაგრამ თურქეთი ამიერკავკასიას განიხილავდა როგორც რუსეთის ნაწილს და ამიტომ მოლაპარაკება ჩაიშალა. ამ დროს საქართველოს მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია იყო. აპრილში თურქებმა დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი.ქართულმა ჯარმა თურქების შეტევა მდინარე ჩოლოქთან გააჩერა.

1918 წლის 22 აპრილს შეიქმნა ახალი სახელმწიფო – ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი.

ბათუმის ოლქის საკითხის განხილვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1918 წლის 14 მარტიდან 5 აპრილამდე. ამიერკავკასიის დელეგაციის მიზანს წარმოადგენდა რუსეთ-ოსმალეთის 1914 წლამდე არსებული საზღვრების შენარჩუნება, ხოლო ოსმალეთის დელეგაცია ამიერკავკასიის მხარისაგან ბრესტის საზავო გადაწყვეტილების უპირობოდ ცნობას მოითხოვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

1918 წლის 14 აპრილს ოსმალეთისა და ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ შექმნილი მდგომარეობა მიეჩნიათ არა განხეთქილებად, არამედ შესვენებად კონფერენციის მუშაობაში. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაირღვა, იმავე დღეს ოსმალეთის ჯარმა მოახდინა ბათუმის ანექსია.

1918 წლის 11 მაისს განახლდა მოლაპარაკება თურქეთთან. თურქეთი ბრესტის ზავით მინიჭებული ბათუმის, ყარსის და არტაანის გარდა, ახლა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებსაც მოითხოვდა.

ბათუმის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახალბედა საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმისა და არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.

ოსმალებმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შემოიღეს თავიანთი მმართველობა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ტრადიციებით გამორჩეული ბათუმის თვითმმართველობა არ გაუქმებულა.

გარდა ამისა, ამიერკავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა : აზერბაიჯანს – თურქოფილური, საქართველოს-გერმანოფილური, ხოლო სომხეთს – ანგლოფილური. აკაკი ჩხენკელი ბათუმში შეხვდა გერმანიის დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ფონ ლოსოვს. ამ მოლაპარაკების დროს დადგინდა, რომ გერმანია საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავდა, თუ ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გადაწყვიტა 26 მაისს ქალაქ თბილისში სეიმის სხდომა მოეწვია. აქ ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა.

1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს. თურქებმა ახალციხედა ახალქალაქი დატოვეს, ხოლო 1919 წელს ინგლისის ჩარევით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბათუმის ოლქიც დაიბრუნა.

1921 წლის თებერვლიდან საბჭოთა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. ამ წლის 12 მარტს ბათუმში თურქები ისევ გამოჩნდნენ. მათი დამატებითი ძალები ქალაქში 15-16 მარტსაც შევიდნენ. თურქული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიით, ისინი საქართველოდან რუსების განდევნას აპირებდნენ. თუმცა, 17 მარტს ოსმალთა ჯარმა ბათუმის ცენტრალური ფოსტა და სხვა სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, რითაც დადასტურდა, რომ მათი მიზანი რეგიონის ანექსია იყო.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით 18 მარტს ბათუმისათვის ბრძოლები დაიწყო. მან ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი, ქართველებმა ოსმალები ბათუმიდან განდევნეს და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნეს. მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს საფრანგეთში გაექცა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ როგორც “მოღალატესა” და “სამშობლოს მტერს”, ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია, რის შემდეგაც ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. საბოლოოდ, გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირები ბათუმში “აზიზიეს მოედანზე”, ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე დაკრძალეს.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close